იტალია

1980 წელს ფრანგებმა იტალიური თვითმფრინავი კადაფის მოკვლის მცდელობისას ჩამოაგდეს – ამატო

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ჯულიანო ამატო
AP Photo/Plinio Lepri, File

რომის ყოველდღიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, იტალიის ყოფილმა პრემიერმა, ჯულიანო ამატომ თქვა, რომ 1980 წელს, ლიბიის მაშინდელი ლიდერის, მუამარ კადაფის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობისას, საფრანგეთის საჰაერო ძალებმა შემთხვევით ჩამოაგდო ხმელთაშუა ზღვის თავზე მფრინავი იტალიური სამგზავრო თვითმფრინავი.

ამატომ, რომელიც პრემიერის პოსტს ორჯერ, 1992-1993 და 2000-2001 წლებში იკავებდა, გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში დარწმუნებით თქვა, რომ ფრანგულმა ძალებმა ლიბიური სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობისას სამიზნეს ააცილეს. 1980 წლის 27 ივნისს მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 81-ვე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ყველაზე სარწმუნო ვერსია ამერიკელებისა და 27 ივნისის იმ საღამოს ცაში გამართულ ომში ჩართულთა თანამონაწილეობით საფრანგეთის საჰაერო ძალების პასუხისმგებლობაა". - თქვა ამატომ და დასძინა, რომ NATO აპირებდა "სწავლების სიმულაციას, ბევრი თვითმფრინავის ჩართულობით, რომლის დროსაც რაკეტა უნდა გასროლილიყო", სამიზნე კი კადაფი იქნებოდა.

იტალიის ყოფილი პრემიერის მტკიცებით, სავარაუდოდ კორსიკას სამხრეთ სანაპიროებიდან აფრენილი ფრანგული გამანადგურებლიდან მართლაც გაისროლეს რაკეტა, რომელიც იტალიურ სამგზავრო თვითმფრინავს მოხვდა.

ამატომ ასევე თქვა, რომ იმ თვითმფრინავში, რომელშიც კადაფი უნდა მჯდარიყო, ლიბიის ლიდერი არ ავიდა, რადგან იტალიურმა საიდუმლო სამსახურმა ის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

ყოფილი პრემიერმინისტრი დასძენს, რომ არცერთი ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა, მაკრონისგან მოითხოვს აღიაროს, რომ ფრანგულმა ძალებმა თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოაგდეს და მსხვერპლთა ოჯახებს ბოდიში მოუხადოს, ან საპირისპიროს დასამტკიცებლად შესაბამისი არგუმენტები მოიყვანოს.

85 წლის ამატოს თქმით, მისი პრემიერობისას, 2000 წელს, აშშ-სა და საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტებს, ბილ კლინტონსა და ჟაკ შირაკს საკითხის გასარკვევად წერილითაც მიმართა, თუმცა მათგან პასუხად "სრული სიჩუმე" მიიღო.

ყოფილი პრემიერის ინტერვიუს იტალიის ახლანდელი პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი გამოეხმაურა. მისი ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამატოს სიტყვები "ყურადღებას იმსახურებს", თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები, მისივე თქმით, მხოლოდ "პერსონალური დედუქციის ნაყოფია".

ხმელთაშუა ზღვის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფა იტალიის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი ინციდენტია. არსებობს მოსაზრება, რომ იტავიას ბოლონიიდან სიცილიაში მიმავალ რეისზე ბომბი აფეთქდა. თუმცა, მეორე ვერსიის მიხედვით, წლების შემდეგ ზღვის ფსკერიდან ამოტანილი ნამსხვრევების კვლევისას გამოიკვეთა, რომ მას რაკეტა მოხვდა.

1980 წლის ტრაგედიაში ფრანგების ჩართულობის შესახებ 2008 წელს სატელევიზიო ინტერვიუში იტალიის ყოფილმა პრეზიდენტმა, კატასტროფის დროს პრემიერმინისტრის პოსტზე მყოფმა, ფრანჩესკო კოსიგამაც ისაუბრა. მანაც აღნიშნა, რომ ლიბიის სამხედრო თვითმფრინავში, რომლისთვისაც, მისი თქმით, ფრანგული რაკეტა იყო განკუთვნილი, კადაფი იტალიის საიდუმლო სამსახურის გაფრთხილების გამო არ ავიდა. მოგვიანებით, ავიაკატასტროფიდან რამდენიმე კვირაში, სამხრეთ კალაბრიის მთებში ლიბიური თვითმფრინავის ნამსხვრევები მართლაც იპოვეს.

მაკრონს ამატოს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები