დიდი ბრიტანეთი

"ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მეთხოვა გათავისუფლება" – უოლასი თანამდებობას ტოვებს

ბენ უოლასი
Ben Birchall/PA

გასულ თვეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა დაადასტურა, რომ როდესაც მორიგ ჯერზე პრემიერმინისტრი რიში სუნაკი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს ჩაატარებდა, თანამდებობას დატოვებდა. Sky News-ი ავრცელებს ბენ უოლასის მიერ თანამდებობის დატოვების წერილს

"ძვირფასო პრემიერმინისტრო.

გასულ თვეში შესრულდა ჩემი თავდაცვის მდივნის მეოთხე წელი. ეს ასევე ჩემი მინისტრობის მეცხრე წელი იყო. მე მქონდა პატივი მემსახურა თქვენთან და თქვენ წინამორბედთან ამ დიდებული ქვეყნის დასაცავად და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც იცით, პასუხისმგებლობას 24/7 მოვალეობა ახლავს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის მინისტრად მსახურობის დროს, მე შევძელი წვლილი შემეტანა მთავრობის მიერ სხვადასხვა საფრთხეებისა და ინციდენტების საპასუხოდ მოქმედებაში.

Wannacy-ი (2017 წელს მომხდარი კიბერთავდასხმა), 2017 წლის ტერორისტული თავდასხმები, სოლსბერის მოწამვლის შემთხვევები, ავღანეთი, სუდანი და უკრაინა, ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო სამსახურის ქალებისა და კაცების გვერდით, რომლებიც ბევრ რამეს წირავენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

ბოლო ოთხ წელში ჩვენი შეიარაღებული ძალები და მათი მეთაურები ბრწყინავდნენ, იქნებოდა ეს ევაკუაცია ქაბულიდან, COVID-ის საპასუხოდ მოქმედება, უკრაინა თუ სუდანი, ჩვენი ხალხის პროფესიონალიზმი უწინარესი იყო.

ინვესტიცია, რომელიც თქვენ თავდაცვაში როგორც კანცლერმა შეიტანეთ და მხარდაჭერა, რომელიც გააგრძელეთ პრემიერმინისტრომის დროს, უმნიშვნელოვანესი იყო იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთისთვის ქმედითი ყოფილიყო. მე, პირადად, თქვენი ხელმძღვანელობისთვის მადლიერი ვარ.

ჩემი თანამდებობის დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც ვტოვებ, ახლა უფრო თანამედროვე, უკეთესად დაფინანსებული და უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე 2019 წელს, როცა ის მე ჩამბარდა.

გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ვაქტიურობთ, კეთილდღეობაში ინვესტიცია სახლშიც შევიტანეთ. მეამაყება, რომ უზრუნველვყავით GCAP-ი, AUKUS-ი, NCF-ი, ეროვნული გემთმშენებლობა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიული სტრატეგიები, რომლებიც ათასობით ბრიტანელ ახალგაზრდას მრავალი მომავალი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილს შეუქმნის.

თავდაცვის სამინისტრო დაუბრუნდა მსოფლიო კლასის გზას, მსოფლიო კლასის ხალხთან ერთად. გაერთიანებულ სამეფოს მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ ჩვენი შეიარაღებული ძალების გამო და ეს პატივისცემა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა.

ვიცი, მეთანხმებით, რომ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა თავდაცვა მთავრობის დისკრეციულ ხარჯად აღიქმებოდა და ფული [არმიის] გამოფიტვით იზოგებოდა. გულწრფელად მჯერა, რომ მომდევნო ათწლეულში მსოფლიო უფრო სახიფათო და არასტაბილური გახდება. ჩვენ ორივე ვიზიარებთ რწმენას, რომ ახლა ინვესტირების დროა.

მას შემდეგ, რაც არმიაში გავწევრიანდი, თავი ჩემი ქვეყნისთვის სამსახურს მივუძღვენი. თუმცაღა, ეს ერთგულება პირადი საზღაურია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მეთხოვა გათავისუფლება. ჩემი ადგილი 2005 წელს მოვიპოვე და ამდენი წლის შემდეგ, დროა ყურადღება დავუთმო ჩემი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი და შევიცნო ახალი  შესაძლებლობები.

მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. თქვენ და მთავრობას ჩემი მუდმივი მხარდაჭერა გექნებათ".

კომენტარები