საქართველო-ევროკავშირი

მაჭარაშვილი მიშელზე: გრძელვადიანი პერსპექტივის დასახელება ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს

გურამ მაჭარაშვილი და შარლ მიშელი

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. მაჭარაშვილის თქმით, ასეთი გრძელვადიანი პერსპექტივის დასახელება ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს.

"პოზიტიურია ის, რომ შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, სამწუხაროა ის მოცემულობა, რომ როდესაც ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ზუსტად ეს უწყობს ხელს ევროსკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები ხელს უწყობს რუსულ ნარატივს, რაც არის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია წარმატებული არ იყოს. იმიტომ, რომ საქართველო ასოცირებულ ტრიოში მათივე, ევროკავშირის შეფასებით, ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყო და არის. როდესაც ამბობ, რომ 1 წლის წინ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიეცი და ამას საქართველოც მიიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, სამწუხაროდ, სწორედ ეს უწყობს ხელს ევროსკეპტიციზმს". - თქვა მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

კომენტარები