თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებით, დეზინფორმაციაა, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა. მერია მოქალაქის მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება - ელენე ჩაგანავამ დაწერა, რომ "მუხიანში სასრიალო უკუღმა დაამონტაჟეს".
"გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა.
სასრიალოს აქვს EN 1176 სერტიფიკატი და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. EN 1176 რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის.
მოვუწოდებთ მედიას, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ“, – ნათქვამია განცხადებაში.




