აშშ

ჰავაიში ხანძრების შედეგად დაკარგულად მიჩნეული 388 ადამიანის სია გამოქვეყნდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე მდებარე ქალაქი ლაჰაინა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ
Satellite image ©2023 Maxar Technologies

ჰავაის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სია, რომელშიც იმ 388 ადამიანის სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც ამერიკაში საუკუნის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი ხანძრის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნევიან.

მაუის პოლიციის უფროსის, ჯონ პელეტიერის თქმით, სახელების გასაჯაროება დაკარგულთა სიის შემოკლებას ისახავს მიზნად და ყველას, ვინც ამ სიაში საკუთარ თავს ამოიცნობს სთხოვა, რომ შესაბამის სამსახურებს მიმართოს.

ჰავაიში, კუნძულ მაუიზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ტყის ხანძრები აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს 115 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისმა სამსახურებმა დნმ ტესტის საშუალებით ჯერ მხოლოდ 35 დაღუპულის ვინაობის დადგენა შეძლეს. 28 მათგანი 60 წელს გადაცილებული პირია, ერთი კი 7 წლის ბავშვი.

22 აგვისტოს სტიქიით განადგურებული კუნძული მაუი აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ ლედისთან ერთად მოინახულა და დაზარალებულ შტატს ფედერალური მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები