რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრიი იუსოვი ამბობს, რომ დაზვერვის ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე გასულ ღამეს სპეცოპერაცია ჩაატარეს.

იუსოვის თქმით, სამხედროები ნახევარკუნძლის ტერიტორიაზე გადასხდნენ და მიზნებს მიაღწიეს. მისივე თქმით, მოქმედებების დროს არავინ დაღუპულა. იუსოვმა ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია გრძელდება და მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ინფორმაცია დგინდება.

"სპეცოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სამხედროები გადავსხით. დაზვერვის მთავარი სამმართველოს, საზღვაო-სამხედრო ფლოტთან თანამშრომლობით, ჩავატარეთ სპეცოპერაცია, მიზნები მიღწეულია, სამხედრო პერსონალს შორის დანაკარგები არაა. გრძელდება სპეცოპერაცია, ყველა დეტალს არ ვამხელთ, არის დანაკარგი მოწინააღმდეგის სამხედრო პერსონალში, ასევე ძალებსა და საშუალებებში. ინფორმაცია დანაკარგის რაოდენობაზე დგინდება". – თქვა იუსოვმა.

24 აგვისტოს დილით მედია Крым.Реалии, ადგილობრივებსა და დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ტარხანკუტის კონცხთან მოხდა შეტაკება ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით. ამავე ცნობით, ბრძოლა სოფელი მაიაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA კი წერს, რომ გასულ ღამეს ისმოდა, სავარაუდოდ, ყუმბარმტყორცნის სროლის ხმა, რომელიც მაიაკთან ახლოს მყოფი ელენოვკას ბანაკშიც ისმოდა. ამავე ტელეგრამ-არხის მტკიცებით, როდესაც ხალხი შენობებიდან გარეთ გავიდა, რათა ენახათ რა ხდებოდა, სანაპიროდან 10 მეტრში დაინახეს ორი რეზინის ნავი, რომლებშიც ათამდე ადამიანი ისხდა. BAZA წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შემდეგ მათ კიდევ რამდენჯერმე გაისროლეს, ამჯერად ავტომატით.

უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ღამის საათებშია გადაღებული და რეზინის ნავში ჩამსხდარი სამხედროები ჩანან. ეს წყაროები ამბობენ, რომ სპეცოპერაცია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალურმა დანაყოფმა არტანმა ჩაატარა.

კომენტარები