დიაბეტის სენსორული აპარატი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის საზომი მოწყობილობები უფასოდ გაიცემა

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის საზომი მოწყობილობები უფასოდ გაიცემა

საქართველოში შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის გასაზომი მოწყობილობების უფასოდ გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სენსორული აპარატების მიღებას მშობლები 2022 წელს, საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები და სპეციალისტები მოწყობილობა Guardian 4-ის გამოყენების რეკომენდაციას 7 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გასცემენ - შესაბამისად, აღნიშნული მოწყობილობით 7-18 წლის მოზარდები ისარგებლებენ, 7 წლამდე ბავშვებისთვის კი Guardian 3-ის მიწოდება გაგრძელდება.

"კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის  მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა". - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

განცხადების მიხედვით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს ასაკის დაწევასა და მეოთხე თაობის აპარატით 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. 

სამინისტროს ინფორმაციით, სმარტფონები, რომლებიც გლუკოზის შესახებ მონაცემების მისაღებად არის საჭირო, უფასოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება, ასევე, ოჯახებს, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი პირია. 

კომენტარები