უკრაინა-სერბეთი

"ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან" – ზელენსკი ვუჩიჩს შეხვდა

Volodymyr Zelenskyy / Telegram

22 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამ-არხზე წერს

"ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. [ჩვენ გვქონდა] კარგი საუბარი გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე". - წერს ზელენსკი.

21 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ 22 აგვისტოს ათენში, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი იმართება, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებოდა.

მანამდე სერბეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართა, როდესაც ზელენსკიმ და ვუჩიჩმა კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. 

ამასთან, 10 აგვისტოს ვუჩიჩმა თქვა: "თუ უკრაინა აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ის ყველაფერს ერთ დღეში დაკარგავს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ბალკანეთის სამიტში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთს ეწვია. უკრაინის ლიდერი საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ მიწვეულ არაფორმალურ ვახშამზე სტუმრებს შორის იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეგიონის ევროინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოება ბალკანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც სერბეთს არ დაუწესებია და სერბეთისა და კოსოვოს დიალოგი.

კომენტარები