ცენტრალური ამერიკა

გვატემალის საპრეზიდენტო არჩევნები ანტიკორუფციული კამპანიის აქტიურმა მონაწილემ მოიგო

Reuters

გვატემალის საპრეზიდენტო არჩევნები ცენტრისტმა ანტიკორუფციული კამპანიის აქტიურმა წევრმა, ბერნარდო არევალომ მოიგო. მან ამომრჩეველთა ხმების 58.01%, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა სანდრა ტორესმა, ახლა უკვე ყოფილმა პირველმა ლედიმ, 37.24% მიიღო. 

"ეს ხალხის გამარჯვებაა და ახლა ჩვენ, როგორც ხალხი, ერთად ვიბრძოლებთ კორუფციის წინააღმდეგ". - მიმართა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს.

გვატემალის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ხუან ხოსე არევალოს ვაჟის, ბერნანდო არევალოს გამარჯვება ექსპერტების მიერ ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგო ნაბიჯად და ქვეყნის დემოკრატიის საწყისად განიხილება. 

ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ნაწილი, მათ შორის გვატემალა, ელ სალვადორი და ნიკარაგუა ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის კრიზისს განიცდის. სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე, რომელმაც "ბანდების წინააღმდეგ ომის" წარმოების საბაბით ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1% გისოსებს მიღმა მოათავსა, 2024 წელს პრეზიდენტობას 5-წლიანი ვადით გაიხანგრძლივებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციით აკრძალულია.

ხოლო ნიკარაგუაში დანიელ ორტეგა ქვეყანას 2006 წლის შემდეგ მართავს და გადადგომას არ აპირებს. ორტეგამ ახლახან 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი აშშ-ში დაადეპორტა და მოქალაქეობა ჩამოართვა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კატასტროფაა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის დემოკრატიის ხელშეწყობა იქნება როგორც საზღვარგარეთ, ასევე სახლში". - თქვა გვატემალის ახალმა ლიდერმა ნიკარაგუაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო მიზნებზე საუბრისას.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნების პირველ ტურში არევალომ ხმების 12% მიიღო, რამდენიმე თვის წინ მკვლევრები მის პრეზიდენტობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდნენ. 

მას შემდეგ, რაც გვატემალის მთავარმა პროკურორმა, ბერნარდო არევალოს შეჩერება საცადა, რაც არევალოს კამპანიის ჩაშლის პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობად მიიჩნიეს, პარტია ყურადღების ცენტრში მოექცა. 

კომენტარები