რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადეს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 აგვისტოს დილის საათებში მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა ორჯერ სცადეს. მათი მტკიცებით, ეს უკრაინის დრონები იყო.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითა და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ორივე უპილოტო აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

ქალაქ მოსკოვის აეროპორტებში თვითმფრინავების აფრენა და დაფრენა დროებით შეჩერდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, მათ პირველი დრონი მოსკოვის დროით 06:50-ზე უვნებელყვეს და ის სოფელ პოკროვსკოეში ჩამოვარდა, მეორე კი მოსკოვის დროით 08:16-ზე, ისტრინის რაიონში ჩამოაგდეს. როგორც უწყებაში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თუმცა მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაშავდა ორი ადამიანი.

აქამდე რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ცაში აფეთქება და კვამლი ჩანდა.

მსგავსი თავდასხმების გამო მოსკოვის აეროპორტებში მუშაობა დროებით გასულ კვირებშიც შეჩერდა.

კომენტარები