ტროპიკული ქარიშხალი

ქარიშხალმა ჰილარიმ კალიფორნიის ნახევარკუნძულამდე მიაღწია – დაღუპულია 1 ადამიანი

REUTERS/Mike Blake

20 აგვისტოს ტროპიკულმა ქარიშხალმა ჰილარიმ  მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე მდებარე შტატ ბახა კალიფორნიამდე მიაღწია. ამჟამინდელი ცნობებით, დაღუპულია 1 ადამიანი.

მექსიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შტატში ორშაბათის ჩათვლით დაიხურა სკოლები და გაუქმდა არასაჭირო აქტივობები. სან დიეგოს მოსაზღვრე ქალაქ ტიხუანას მოსახლეობას, რომელიც მაღალი რისკის ზონაში იმყოფება, დროებითი თავშესაფრების გამოყენებაც ურჩიეს.

მექსიკიდან ქარიშხალი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც სიცოცხლისათვის საშიშ და "კატასტროფულ" წყალდიდობებს პროგნოზირებენ. ჰილარის გამო კალიფორნიაში უკვე გადაიდო ფრენები და სპორტული ღონისძიებები. ოფიციალური პირები ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გასული 48 საათის განმავლობაში ჰილარი მექსიკის სანაპიროსთან მიახლოებასთან ერთად შესუსტდა, ვარაუდობენ, რომ ის აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებს დამტყდარი ქარიშხლებიდან ყველაზე უხვნალექიანი იქნება.

კომენტარები