მისია მთვარეზე

რუსული უპილოტო კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირზე შეჯახების შედეგად განადგურდა

BBC

ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსული უპილოტო კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეზე კონტროლიდან გამოვიდა და განადგურდა

1976 წლის შემდეგ Luna-25 იყო რუსეთის პირველი მისია მთვარეზე. 

ხომალდი უნდა ყოფილიყო პირველი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებოდა, თუმცა წინასწარი ანალიზის მიხედვით, იმპულსის ფაქტობრივი პარამეტრებიდან გადახრის გამო კოსმოსური აპარატი Luna-25 პროექტით გაუთვალისწინებელ ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. 

მას მთვარის ის ნაწილი უნდა შეესწავლა, რომელიც, მეცნიერთა აზრით, გაყინულ წყალს და ძვირფას ელემენტებს იტევს.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ Roscosmos-მა 20 აგვისტოს დილას განაცხადა, რომ კონტაქტი Luna-25-თან 19 აგვისტოს, საღამოს 14:57 საათზე დაკარგა. მათივე თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის, თუ რამ გამოიწვია მისიის ჩაშლა.

რუსეთის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის დაფინანსება რამდენიმე წელია იკლებს, რადგან სახელმწიფო დაფინანსება სულ უფრო მეტად სამხედრო აღჭურვილობისკენაა მიმართული. 

რუსეთი მთვარის სამხრეთ პოლუსზე ინდოეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რომლის კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 იქ უახლოეს დღეებში უნდა დაეშვას; შეისწავლოს კლდეები და კრატერები და შეაგროვოს მონაცემები და სურათები დედამიწაზე დასაბრუნებლად.

ინდოეთის კოსმოსური სააგენტო ისროს სპიკერმა Luna-25-ის კატასტროფას "სამწუხარო" უწოდა.

"ყოველი კოსმოსური მისია არის ძალიან სარისკო და უაღრესად ტექნიკური. სამწუხაროა, რომ Luna-25 განადგურდა". - თქვა მან BBC-სთან ინტერვიუში.

კომენტარები