რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როგორ აიყვანა ტყვედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი მაიორი ტომოვი

იური ტომოვი

აგვისტოს დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა საინტერესო ოპერაციის ჩატარება შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ და შეძლეს რუსული ბატალიონის მეთაურის, იური ტომოვის ტყვედ აყვანა. 

სპეცოპერაციის შესახებ მასალა უკრაინელმა ჟურნალისტმა, ოლეგ ჩერნიშმა BBC-ის უკრაინულ სამსახურში გამოაქვეყნა.

მოულოდნელი დესანტი

8 აგვისტოს ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ ხერსონის მარცხენა სანაპიროზე, სოფელი კაზაჩი ლაგერის მახლობლად უკრაინული დესანტი გადასხეს. ეს დასახლებული პუნქტი დნეპრის შენაკადი მდინარის, კონკის ნაპირას მდებარეობს, ქალაქ ოლეშკისა და ნოვაია კახოვკას შორის. 

დესანტის შესახებ პირველი ცნობა რუსმა ე.წ. სამხედრო კორესპონდენტმა, ვლადიმირ რომანოვმა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა მებრძოლმა, ეგორ გუზენკომ გაავრცელეს. ისინი იუწყებოდნენ, რომ კაზაჩი ლაგერის ნაწილი უკრაინელებმა დაიკავეს. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ მოწინააღმდეგის სამხედროები არამხოლოდ სანაპიროზე გადავიდნენ, არამედ აქ პლაცდარმიც მოაწყვეს, დასახლებული პუნქტის დასავლეთით.

შესაბამისად, ეს უკვე იყო მეორე პლაცდარმი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე შექმნეს. პირველი პლაცდარმი დანგრეულ ანტონოვის ხიდთან, ოლეშკისა და ხერსონს შორის მდებარეობს. 

კოზაჩი ლაგერი უკრაინელი სამხედროების წინსვლისთვის ოპტიმალური ლოკაციაა. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილი ესაზღვრება დაჭაობებულ ტერიტორიას, სადაც ბევრი მცირე ზომის კუნძულები, ტბები, პატარა მდინარეები და ხშირი ბალახია. კაზაჩი ლაგერის სამხრეთ საზღვარზე გადის გზატკეცილი T2206, რომელიც ოლეშკისა და ნოვაია კახოვკას აკავშირებს და მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ხაზია სამხრეთში გამაგრებული რუსი ოკუპანტებისთვის. დასახლებიდან 15 კილომეტრში, მის სამხრეთ-დასავლეთით კი მდებარეობს გზატკეცილი E97, რომელიც ყირიმისკენ მიემართება.

მთელი ამ დღეების განმავლობაში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები სიჩუმეს ინარჩუნებდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 12 აგვისტოს მხოლოდ ის თქვა, რომ ხერსონის მარცხენა სანაპიროზე "გარკვეულმა ქვედანაყოფებმა გარკვეული დავალება შეასრულეს".

რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციამ იჩქარა და განაცხადა, რომ კაზაჩი ლაგერთან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის ე.წ. გუბერნატორი, ვლადიმირ სალდო 8 აგვისტოს ამბობდა, რომ უკრაინელთა დესანტი ორი კატერით ცდილობდა ამ რაიონში გადაჯდომას, მაგრამ, ირწმუნებოდა, რომ ისინი აღმოაჩინეს და გაანადგურეს ნაპირზე გადმოსხდომამდე.

მალევე რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომელიც ერთი შეხედვით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობას ასახავდა. კადრებში ადამიანი, რომელიც თავს ნომერ 1822 სადაზვერვო ბატალიონის მეთაურს, რუსეთის არმიის მაიორ იური ტომოვს უწოდებდა, მიწაზე დაწვენილ გაკოჭილ ტყვეებს დაკითხვას უტარებდა. ტომოვი ვიდეოში ამბობდა, რომ ტყვეები იყვნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კაზაჩი ლაგერის მახლობლად გადმოსხდნენ. 

ვიდეოს საფუძველზე გაჩნდა ვარაუდი, რომ დესანტის გადასხმა ვერ მოხერხდა, უკრაინელი სამხედროების ნაწილი დახოცეს, ზოგიც კი ტყვედ აიყვანეს, ვერანაირი პლაცდარმი ვერ შეიქმნა. თუმცა მალე გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო.

დაკარგული მაიორი

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ ჰქონდათ, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ შეუსაბამობებზე. მაგალითად, დაზვერვის ოფიცერი რატომ აჩვენებდა ვიდეოში საკუთარ სახეს და რატომ ამბობდა საკუთარ სახელსა და თანამდებობას? ასევე, რაც მთავარია: რუსმა სამხედროებმა დაკარგეს კავშირი მაიორ ტომოვთან, რომელმაც ვითომდა წარმატებით შეასრულა უკრაინელების პლაცდარმის შექმნის ჩაშლის დავალება. კავშირზე ვერ გადიოდნენ ვერც ტომოვთან ერთად მყოფ 16 სამხედროსთან.

9 აგვისტოს Z-ბლოგერი გუზენკო ვარაუდობდა, რომ ტომოვის ჯგუფი ტყვედ აიყვანეს და მათ მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ, რათა მათი სახელით რუსის სამხედროების დახმარება გამოეძახათ და მახეში შეეტყუებინათ. Z-ბლოგერები რამდენიმე დღე "ეძებდნენ" მაიორ ტომოვს. ზოგი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებმა ის არამხოლოდ ტყვედ აიყვანეს, არამედ კაზაჩი ლაგერში პლაცდარმსაც ამაგრებდნენ, სხვები კი საერთოდ უარყოფდნენ პლაცდარმის არსებობასა და მაიორის დატყვევებას და სხვებს პანიკაში ადანაშაულებდნენ.

მალე სოციალურ ქსელებში ტომოვის ახალი ვიდეო გამოქვეყნდა. ამჯერად სრულიად სხვა კონტექსტში. 13 აგვისტოს კსკ ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა GREY ZONE-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მაიორი მუხლებზე იდგა, წინ რუკა ჰქონდა გაშლილი და მასზე რუსების პოზიციებს აჩვენებდა. კადრს მიღმა უკრაინული საუბარი ისმოდა. სავარაუდოდ, ვიდეო 7 ან 8 აგვისტოს, ტომოვის დატყვევებიდან მალევე ჩაწერეს. რამდენიმე საათში პროუკრაინულ ტელეგრამ-არხ Николаевский Ванёк-ზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ცნობებს აგროვებს, გამოქვეყნდა ტომოვის დაკითხვის სრული ვიდეო.

მსგავსი ვიდეო გამოქვეყნდა 14 აგვისტოსაც, სამთავრობო პროგრამა "მინდა სიცოცხლის" ტელეგრამ-არხზე. ეს პროგრამა მოწინააღმდეგის სამხედროებს ტყვედ ჩაბარების საშუალების მიცემისა და ამ პროცესის კოორდინაციისთვის შეიქმნა.

ვიდეოში ტომოვი ამბობდა, რომ ის 1977 წელს დაიბადა, 2022 წლის სექტემბერში მოხდა მისი მობილიზაცია, უკრაინის ტერიტორიაზე კი ოქტომბერში მოხვდა, რის შემდეგაც 1822-ე ბატალიონის შტაბის მეთაურის მოვალეობა მიიღო, შემდეგ კი დანაყოფის მეთაური გახდა. 

ჩანაწერში ტომოვი საუბრობდა საკუთარი ბატალიონის დანაკარგებზე 6 აგვისტოს მოცემულობით, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა ვარაუდი, რომ ის უკრაინელებმა ტყვედ 7 რიცხვში აიყვანეს. ის ამბობდა, რომ ბატალიონის დანაკარგი შემადგენლობის 25%-ს აღემატება და ირწმუნებოდა, რომ მის მებრძოლებს ფრონტზე გაგზავნამდე არანაირი სპეციალური სამხედრო მომზადება არ გაუვლიათ. ამ სიტყვების შეფასებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს ტყვე ამბობს.

როგორც BBC-ის უკრაინელი ჟურნალისტი წერდა, ვიდეოს მონტაჟის კვალი ეტყობოდა და 14 აგვისტოსთვის მისი დადასტურება ვერ მოხერხდა. უკრაინის საკოორდინაციო ცენტრში ტომოვის დატყვევებასთან დაკავშირებით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათ BBC-სთან თქვეს, რომ კომენტარისგან ამჟამად თავს იკავებენ და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მეტი ინფორმაციის გაცემას შეძლებენ. BBC-ის წყარო ძალოვანი სტრუქტურებიდან ამბობს, რომ ტომოვის ომის ტყვედ გაფორმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

როგორც ჩანს, ტომოვი ამჟამად უკრაინის ტყვეობაში მყოფი ყველაზე მაღალი რანგის რუსი სამხედროა.

რუსი ომის კორესპონდენტები ვიდეოების ანალიზის შემდეგ ამბობდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის მოტყუება შეძლეს. ჩანაწერი, რომელშიც ტომოვი უკრაინელთა დესანტის განადგურებაზე საუბრობდა, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩაწერეს, რაც მისი ჯგუფი უკვე ტყვეობაში იყო. მიზანი დესანტის წარმატებულად გადასხმის დამალვა და მოწინააღმდეგის მოტყუება იყო. 

15 აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხები განაგრძობდნენ ინფორმაციის გავრცელებას, რომ კაზაჩი ლაგერის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ და მათზე იერიშები მიჰქონდა რუსეთის არტილერიასა და ავიაციას. უკრაინის ხელისუფლება ამ პლაცდარმის არსებობას კვლავ უარყოფს.

კომენტარები