რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი უარყოფს, რომ NATO-ში უკრაინის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიღებას განიხილავენ

Kevin Dietsch/Getty Images

თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარყოფს ცნობებს, თითქოს, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის NATO-ში მიღებას განიხილავენ. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა.

"არ არის სიმართლე, არასწორია". – უპასუხა ჯონ კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვას, მიმდინარეობდა თუ არა თეთრ სახლში საუბარი ზემოხსენებულ სცენარზე.

კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ "NATO უკრაინის მომავალია" და ეს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრების ლიდერებმაც დაადასტურეს. მისივე თქმით, ახლა მთავარი ყურადღება კიევისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარებას ექცევა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ყოველ დღე მიიწევენ წინ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმაზე ნელა ხდება, ვიდრე მათ სურდათ.

აქამდე ნორვეგიულ მედიაში გავრცელდა ცნობა NATO-ს მაღალჩინოსნის, სტიან იენსენის ნათქვამის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის აპარატის მეთაური უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთ ვარიანტად კიევის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დათმობასა და მის NATO-ში მიღებას განიხილავდა.

"ვფიქრობ გადაჭრის გზა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა და საპასუხოდ NATO-ს წევრობა იქნება... არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გადაჭრის გზა". – ციტირებდა იენსენს ნორვეგიული მედია VG. მათი ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანმა ნორვეგიაში, არენდალში გამართული კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე ისაუბრა.

სიტყვებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები