მაჰაჩყალა

მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაიღუპა 30 ადამიანი

Эхо Кавказа

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურსა და ავტომომსახურების შენობაში გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 75 ადამიანი. ამასთან, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, სამი ბავშვია.

დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა 15 აგვისტო დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაჭრილების გამოსაყვანად ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ვერტმფრენი გაგზავნა.

გამომძიებლების ინფორმაციით, 14 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს ათ საათზე ავტომომსახურების შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზეც გავრცელდა.

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი სასწრაფო დახმარების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის რვა ავზიდან ორი ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქდა. ხანძარი კი დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. 

ტელეგრამ-არხი Shot-ი საგანგებო სიტუაციების სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების ტალღის გამო, დაშავდნენ ის ადამიანებიც, ვინც ბენზინგასამართი სადგურიდან 50 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხმა შემთხვევის ადგილიდან გამოაქვეყნა ვიდეო, კადრებში ჩანს ძლიერი ხანძარი, ასევე იწვის ბენზინგასამართ სადგურთან არსებული მანქანები. 

ხანძარი აფეთქებიდან თითქმის 4 საათის შემდეგ ჩააქრეს.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამო მომსახურების გაწევის მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები