რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 17-თვიან მინიმუმზეა

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

14 აგვისტოს მონაცემებით, რუბლი დოლართან მიმართებით 17-თვიან მინიმუმზეა, რაც, თავის მხრივ, დასავლეთის სანქციებისა და საექსპორტო შემოსავლების კლების გამო რუსეთის შეკუმშულ ეკონომიკაზე მიუთითებს. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში ომით გამოწვეული ხარჯების ფონზე, ვალუტა, სავარაუდოდ, ვარდნას განაგრძობს.

2023 წლის დასაწყისიდან რუსულმა ვალუტამ თავისი ღირებულების თითქმის 40% დაკარგა და დოლართან მიმართებით 100 რუბლს გადააჭარბა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი დოლარი 101 რუბლს შეადგენს. 

რუბლის დევალვაცია ერთ-ერთი უარყოფითი ინდიკატორია რუსეთის ეკონომიკისთვის, მაშინაც კი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთის სანქციებს მოსკოვზე შეზღუდული ეფექტი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან ორ კვირაში რუბლი დოლართან მიმართებით 81-დან 139-მდე გაუფასურდა, (გავრცელებული ინფორმაციით, შავ ბაზარზე კურსი გაცილებით მაღალი იყო) ინფლაცია დაჩქარდა, უცხოურ ვალუტაში რუბლის კონვერტირება კი თითქმის სრულად აიკრძალა. 

მოგვიანებით, კრემლის გადაწყვეტილებამ, რომ ქვეყნებს ენერგორესურსების საფასური ეროვნულ ვალუტაში გადაეხადათ - Gazprombank-ში ანგარიშების გახსნამ და მათ რუბლში კონვერტირებამ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა და საბოლოოდ, მისი გამყარება გამოიწვია. 

როგორც რუბლის გამყარების, ისე მისი გაუფასურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუბლი აღარ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ხოლო როდესაც ვალუტით საერთაშორისო ვაჭრობა მკაცრად შეზღუდულია, მისი გაცვლითი კურსი საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური არ არის.

კომენტარები