საქართველო-რუსეთი

ბათუმის პორტში, აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

31 ივლისს ბათუმის პორტში, რუსეთიდან მომავალი საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენრი დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა. მან გენრი დოლიძე დამნაშავედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 173-ე მუხლის მეორე ნაწილით ცნო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"მოსამართლე ცრუ მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო. ჩემი დაკავების პროცესს ამ მოწმეებიდან არცერთი არ ესწრებოდა. სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დამაკავეს და მცემეს, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო". - თქვა გენრი დოლიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

გენრი დოლიძის გარდა, 11 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული კიდევ 11 სხვა პირის პროცესიც გაიმართა. მოსამართლემ 10 მათგანი, ნაწილი 2 000, ნაწილი კი 2 500 ლარით დააჯარიმა. საქმის წარმოება მხოლოდ 1 ადამიანის მიმართ შეწყდა. აქციაზე დაკავებული კიდევ 10 ადამიანის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.

გენრი დოლიძემ ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. დოლიძის თქმით, დგებუაძემ მას დაკავების დროს, მიწაზე დაგდებულსა და ბორკილებდადებულს სახეში ფეხი ჩაარტყა. დოლიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დოლიძის განცხადებით, სახის გარდა, მას ძალადობის კვალი სხვა ადგილებზეც აღენიშნებოდა.

"დამაკავეს სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როდესაც აფხაზეთის ომის ვეტერანს, სოხუმელს და დღეს უკვე ჩვენს კარგ ბათუმელს, კონჯის გამოვესარჩლე, პოლიციას მოვუწოდებდი, სავსებით ზრდილობიანად, რუსების გამო ნუ აკავებთ ომის ვეტერანს მეთქი და გავიძახოდი მხოლოდ ორ სიტყვას, "ომის ვეტერანია". - თქვა გენრი დოლიძემ. 


31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის, ორი უკრაინის მოქალაქე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში გაჩერდა. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისსაც გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

საკრუზიო გემის მარშრუტი იყო სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფებოდა.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები