აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10 აგვისტოს კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 13 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართავს. ამის შესახებ Associated Press-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თეთრი სახლის ბოლო ასეთი მოთხოვნის დროს კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად მოთხოვნილ თანხაზე მეტი გამოყო, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, კონგრესში ამ საკითხთან მიმართებით ერთსულოვნება სულ უფრო და უფრო მცირდება.
თეთრი სახლი ასევე 12 მილიარდ დოლარს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდისთვის მოითხოვს. ამის შესახებ მედიასთან ანონიმურმა წყარომ ისაუბრა.
მანამდე Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონი დოლარი იქნება.





