მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგ

"ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ" – ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N10 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა ვივამედის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გაანალიზა და შეფასება წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

შეფასებაში აღნიშნულია, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებთან შედარებით - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება. ამასთან, გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.

"თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის - შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.

"კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც.

რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს.

პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება ).

ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია".- ვკითხულობთ შეფასებაში.

ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში.

ექიმთა ჯგუფის მორიგი მიხეილ სააკაშვილთან სექტემბრის თვეში იგეგმება.

სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის მიზანი პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგია

ჯგუფი არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

კომენტარები