მარცვლეულის კრიზისი

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ "ჩრდილოვან ფლოტს" იყენებს – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი საკუთარი მარცვლეულის ექსპორტისთვის ჩრდილოვან ფლოტს იყენებს. "ჩრდილოვანი ფლოტი" ძველ გადამზიდ ხომალდებს ეწოდება, რომელთა მმართველი კომპანიები ჩინეთსა და თურქეთშია რეგისტრირებული.

მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ რუსეთს გადაზიდვების მიმართულებით მრავალი პრობლემა შეექმნა. საერთაშორისო სანქციების რისკების გამო გადამზიდი და სადაზღვევო კომპანიები რუსულ მხარესთან აღარ თანამშრომლობენ. მარცვლეულის მსხვილმა მოვაჭრეებმა რუსეთში საკუთარი აქტივობა შეამცირეს. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ბაზარი მოახერხებს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვის სრულად ჩანაცვლებას აფრიკისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სავაჭრო სისტემა დე ფაქტო ბლოკადაში მოაქცია, უკრაინამ განახორციელა წერტილოვანი თავდასხმები რუსულ პორტებსა და გადამზიდ ხომალდებზე. 

რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორების გაერთიანების პრეზიდენტმა, ედუარდ ზერნინმა თქვა, რომ უკრაინის თავდასხმები რუსეთის მარცვლეულის ექპორტის ინფრასტრუქტურაზე მთელ მსოფლიოში მარცვლეულის ფასის ზრდას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აშშ-ს მხრიდან არ დაწესებულა სანქციები მარცვლეულის სეგმენტზე, ზერნინი ამტკიცებს, რომ მარცვლეულის ექპორტში ჩართული პირების საბანკო ანგარიშების შეზღუდვა რეალურად მარცვლეულის ექსპორტის ირიბი სანქცირებაა.


18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები