ელენ კარერ დ’ანკოსი

ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა 5 აგვისტოს დაადასტურა.

ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) იყო პირველი ქალი, რომელიც 1999 წელს ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივნად აირჩიეს. ის ხელმძღვანელობდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური არქივის კომისიას ორი ათწლეულის განმავლობაში.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მისმა ურყევმა მხარდაჭერამ La Courneuve-ის მშენებლობისთვის შესაძლებელი გახადა დიპლომატიური არქივის ფასდაუდებელი დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და პოპულარიზაცია პოლიტიკური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სასარგებლოდ.

ელენ კარერ დ’ანკოსი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის გიორგი ზურაბიშვილის და ნატალი ფონ პელკენის ოჯახში დაიბადა; ამგვარად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილია.

1978 წელს გამოიცა მისი ნაშრომი "დამსხვრეული იმპერია", რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. ელენ კარერ დ’ანკოსს, სამეცნიერო წრეებში “სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებდნენ.

მას მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები, მ. შ. "საპატიო ლეგიონის" რაინდის ორდენი და საფრანგეთის "ღირსების ორდენი". ელენ კარერ დ’ანკოსი  2003 წელს მაისში თბილისში ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა. 

კომენტარები