რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი აფართოებს სანქციების სიებს, რათა რუსეთის თავდაცვის სფერო შეზღუდოს

8 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. 

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციები რუსეთის ფარგლებს გარეთ იმ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე 3 რუსულ კომპანიას შეეხო.

სანქცირებულთა შორის არიან:

  • თურქეთში დაფუძნებული 2 ბიზნესი, Turkik Union და Azu International, რუსეთში მიკროელექტრონიკის ექსპორტის გამო, რომელიც აუცილებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აქტივობისთვის;
  • დუბაიში დაფუძნებული Aeromotus Unmanned Aerial Vehicles Trading LLC, რუსეთისთვის დრონებისა და თვითმფრინავების კომპონენტების მიწოდების გამო;
  • სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევი, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის შეიარაღების გარიგების მცდელობაში მონაწილეობის გამო;
  • შვეიცარიის მოქალაქე ანსელმ ოსკარ შმუცკი, რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში შესრულებული როლისთვის, მათ შორის შპს DuLac Capital-ის მოსკოვის ოფისის უფროსად მუშაობის გამო.

ამას გარდა, დიდმა ბრიტანეთმა გაახანგრძლივა სანქციები ირანისა და ბელარუსიის წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედიან ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისთვის" უპილოტო საფრენი აპარატების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში, ისევე როგორც ბელარუსის თავდაცვის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებასთან, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სანქციები კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და დახურავს ქსელს მიწოდების ჯაჭვებზე, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის თავდაცვას. 

დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ მოუწოდა მესამე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის მატერიალური მხარდაჭერა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ მესამე მხარის მიერ იარაღის მიწოდება და მივესალმებით უფრო მკაცრ ქმედებებს თაღლითური სამხედრო მარაგებისა და სანქციების გვერდის ავლის გამო". - ამბობს კლევერლი.

კომენტარები