ევროკავშირი-საქართველო

მიშელი: EU-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია". - წერს მიშელი ტვიტერზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები