ოლგა ხარლანი

"დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებით შეტყობინებები გამომიგზავნეს" – ხარლანი რუსების მუქარებზე

უკრაინელი მოფარიკავის, ოლგა ხარლანის თქმით, მას შემდეგ, რაც ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუს მეტოქეს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა, რუსებისგან არაერთი მუქარა მიიღო. ამის შესახებ ხარლანმა Football Hub-თან საუბრისას აღნიშნა

"მუქარამ ჩემამდე მოაღწია. ეს ქვეყანა პლანეტის სიდიდის ნახევარია, თუმცა, ნორმალური ხალხი ძალიან ცოტაა. ვერ ვიტყვი, რომ ამას ველოდი. 

გამომიგზავნეს რამდენიმე შეტყობინება დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებით. [...] არაადამიანები არიან. იყო დაახლოებით ისეთი შეტყობინებები, როგორიცაა "მოკვდი". ისინი ბევრჯერ ცდილობდნენ დარეკვას სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ნომრის გამოყენებით". - აღნიშნა ხარლანმა. 

28 ივლისს ხარლანს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს

მილანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 27 ივლისს უკრაინელი ოლგა ხარლანი და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი ანნა სმირნოვა ერთმანეთს 1/32 ფინალში დაუპირისპირდნენ. რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ კი ხარლანმა უარი თქვა სმირნოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე.

აღნიშნული ქმედება რუსმა სპორტსმენმა გააპროტესტა და ჩემპიონატის 1/16 ფინალში, სადაც ერთმანეთს ბულგარეთი და უკრაინა ხვდებოდნენ, ბულგარელი იოანა ილიევა პირდაპირ გამოაცხადეს გამარჯვებულად. 

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია შეუჩერა და მსოფლიო ჩემპიონატზე ხელახლა დაუშვა. მას ასევე გარანტირებული აქვს ადგილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.

გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, თავად ყოფილი მოფარიკავე, შემთხვევას გამოეხმაურა.

კომენტარები