Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, რუსეთში, ნოვოროსიისკში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა სპეციალური ოპერაცია, რომელშიც ქვეყნის საზღვაო ძალებიც იყო ჩართული.
ოპერაციის ფარგლებში უკრაინული ძალები საზღვაო დრონით თავს დაესხნენ რუსულ სადესანტო ხომალდ ოლენეგორსკი გორნიაკს. შედეგად, ხომალდის კორპუსი დაზიანდა, რის გამოც მას სამხედრო მისიებში მონაწილეობა აღარ შეუძლია.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალაც. არსებული ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს როგორ უტევს 450 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი გემს, რომლის ეკიპაჟიც დაახლოებით 100 კაცისგან შედგება.
აფეთქებები რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში 3-4 აგვისტოს ღამეს დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ თავდასხმა ორი საზღვაო დრონით განახორციელეს.





