რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დაბომბა პორტი, რომლითაც უკრაინას რუმინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტები გააქვს

Telegram

2 აგვისტოს რუსეთი რუმინეთთან ახლოს, დუნაის მდინარეზე მდებარე იზმაილის პორტს დრონებით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ოფიციალურ კიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საცავები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთან, განადგურდა 40,000 ტონა მარცვლეული, რომელიც ჩინეთისთვის, ისრაელისა და აფრიკის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ იზმაილი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მთავარი ადგილია, საიდანაც კიევს სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუმინეთში გააქვს.

თურქეთმა, რომელიც გაეროსთან ერთად შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას შუამავლობდა, რუსეთს პორტზე თავდასხმის შემდეგ მოუწოდა, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები