თურქმენეთი-რუსეთი

თურქმენეთის ავიახაზებმა მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

RFE/RL's Turkmen Service

თურქმენეთის ავიახაზებმა მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

რუსეთის დომოდედოვოს აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აშხაბად-დომოდედოვოს მარშრუტით მოსკოვში ფრენა 1-ელ აგვისტოს, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე იყო დაგეგმილი. ცხრილიდან ჩანს, რომ თურქმენული ავიახაზების რეისი გაუქმებულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა გაუქმდა ორივე მიმართულებით, მათ შორის, მოსკოვისა და უკან - აშხაბადის მიმართულებით. ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, მისი თვითმფრინავები მოსკოვის ნაცვლად ყაზანში იფრენენ. 

თურქმენეთის ავიახაზების განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რატომ ან რამდენ ხანს გეგმავს მოსკოვისკენ ფრენების შეწყვეტას. თუმცა, სამშაბათს, 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების დაარქივებულ ვერსიაში, რომელიც კომპანიამ მოგვიანებით შეცვალა, აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიმართულებით ფრენები ჩერდება "მოსკოვის საჰაერო სივრცეში არსებული სიტუაციისა" და "ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების შეფასების" მიზეზით.

თურქმენეთის ავიაკომპანიამ ფრენების შეჩერების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გასულ დღეს რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში კვლავ მიიტანეს და შედეგად ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამასთან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვის ბიზნესცენტრის რაიონზე იერიში ჯამში ორჯერ მიიტანეს. 

რუსეთის სამთავრობო მედია TACC-ი წერს, რომ თურქმენეთის ავიახაზებმა მოსკოვის მიმართულებით ფრენები მინიმუმ 22 აგვისტომდე შეაჩერა.

თურქმენეთიდან რუსეთში ფრენებს თურქმენული ავიახაზები და რუსული S7 ავიახაზები ასრულებენ.

კომენტარები