რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის ბიზნეს ცენტრის რაიონზე უკრაინამ კვლავ იერიში მიიტანა – რუსეთის თავდაცვა

RIA Novosti / Kirill Zykov

რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს "კიევის რეჟიმმა" მოსკოვზე იერიშის მიტანა სამი დრონით სცადა

"მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოსა და ნაროფომინსკის ოლქების ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერშივე უვნებელყვეს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, მესამე დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

აქამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ დრონი მოსკოვის ბიზნეს ცენტრში მდებარე კომპლექსის 50-სართულიან კოშკს მოხვდა. მისივე განმარტებით, შენობის მინა 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაზიანდა, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია სასწრაფო დახმარების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შემდეგ დროებით დაიხურა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე ვნუკოვოს აეროპორტი - თვითმფრინავები გადამისამართდნენ სხვა აეროპორტებში.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ არის მოსკოვში უკრაინის მიერ იერიშის მიტანის პირველი მცდელობა - გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სისტემამ უვნებელყო ერთი დრონი, ხოლო დამატებით ორი დრონი მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კერძოდ, TACC-ის ინფორმაციით, 30 ივლისს რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონს ერთდროულად უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. შედეგად, მოსკოვის ქალაქის ორი საოფისე კოშკის ფასადები მცირედ დაზიანდა, ხოლო მსხვერპლი არ ყოფილა.

TACC-ი ასევე წერს, რომ  31 ივლისს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ბრიანსკის ოლქის ტრუბჩევსკის რაიონში შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობას. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა აღნიშნა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები