რუსეთი

რუსეთმა ბალტიის ზღვაში წვრთნები, სახელად Океанский щит 2023 დაიწყო – რუსული მედია

RIA Novosti / Igor Zarembo / საარქივო ფოტო

რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა ბალტიის ზღვაში წვრთნები, სახელად Океанский щит 2023 დაიწყო. 

ამავე ინფორმაციით, წვრთნებში რუსეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატარღა, საზღვაო ავიაციის 30 თვითმფრინავი და დაახლოებით 6 000 სამხედრო მონაწილეობს. 

"2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება - Океанский щит 2023 იწყება". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. 

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ღონისძიებები მიზნად ისახავს "საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში ეროვნული ინტერესების დაცვას".

წვრთნების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საზღვაო ზოლებისა და არაღრმა სანაპიროების, ჯარების ტრანსპორტირებისა და სამხედრო ტვირთების დასაცავად სტრატეგიის შემუშავება. როგორც რუსული მედია წერს, საერთო ჯამში, პროგრამა მოიცავს 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრის ჩატარებას, მათ შორის, იარაღის პრაქტიკულ გამოყენებას.

ამასთანავე, მანევრების დასრულების შემდეგ გემები გაემგზავრებიან მუდმივ ბაზებზე, თვითმფრინავები კი აეროდრომებს დაუბრუნდებიან.

კომენტარები