თიბისი კაპიტალი

მიწის ნაკვეთის ფასები თბილისის შემოგარენში – TBC კაპიტალის ახალი კვლევა

TBC Capital

TBC კაპიტალი თბილისის შემოგარენში მიწის ბაზრის ახალ კვლევას აქვეყნებს. კერძოდ, კვლევის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

"2021 წელს თბილისის შემოგარენში მიწის გაყიდვების 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევის ცვლილებით იყო გამოწვეული. 2023 წლის პირველ 6 თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა ლისზე, ხოლო შემდეგ კი - საგურამოში". - ვკითხულობთ კვლევაში. 

რაც შეეხება ფასების ყველაზე მაღალ დონეს, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში მიწა ყველაზე ძვირი წყნეთში ღირდა, სადაც კვადრატული მეტრის ფასმა $228-ს მიაღწია. წყნეთის შემდეგ ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი ოქროყანასა ($177) და თხინვალაში ($110) ღირდა. 

2023 წლის იანვარ-ივნისში თბილისის შემოგარენში იმ მიწის ნაკვეთის გასაყიდი საშუალო ფასი, რომლის ფართობი 2 000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია:

  • ლისი – $86/კვ.მ;
  • საგურამო – $65 /კვ.მ;
  • ტაბახმელა – $68/კვ.მ;
  • წყნეთი – $220/კვ.მ;
  • კოჯორი – $71/კვ.მ;
  • წავკისი – $102/კვ.მ.

TBC კაპიტალის ინფორმაციითვე, თბილისის შემოგარენში გაცემული ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ნებართვები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს მიჰყვება. კერძოდ, 2019 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია წავკისში (27%), წყნეთსა (18%) და ტაბახმელაში (13%).

კომენტარები