საქართველო-რუსეთი

კარასინი ბათუმის პორტში პროტესტზე: სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან

გრიგორი კარასინი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი რუსი ტურისტების საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

"სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან [სააკაშვილმა] დანერგა, ცოცხალია. ის ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც". - წერს კარასინი ტელეგრამ-არხზე.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები