საქართველო-რუსეთი

კალაძე: სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა. კალაძემ პროტესტს ფარისევლობა უწოდა და თქვა, რომ ეს აქცია საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

"დღეს სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? [...] ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა [...] ჩამოვიდნენ, თანხები დახარჯონ. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი მიმართულია ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ. ადამიანებს არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა [...] საქართველოს პოლიცია ყველას კანონის ფარგლებში დაიცავს - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ აშშ-ის. საქართველოს პოლიცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები