რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გასულ კვირას უკრაინელებმა 14.6 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს – მალიარი

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 14.6 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება მოახერხეს.  

"მტერი ძალისხმევას ძირითადად კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე მიმართავს. გრძელდება მძიმე ბრძოლები". - წერს მალიარი ტელეგრამ-არხზე. 

გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებებით ფრონტებზე 170-ზე მეტი შეტაკება მოხდა უკრაინულ და რუსულ ჯარებს შორის.

მალიარმა ასევე თქვა, რომ რუსები იერიშის მიტანასა და კუპიანსკის ფრონტზე უკრაინის თავდაცვაში სისუსტეების აღმოჩენას ცდილობდნენ. კერძოდ, ისინი აქტიურად მიიწევდნენ წინ ნოვოსელივსკის სამხრეთით მდებარე რაიონებში. ამასთან, მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსულ ჯარებს წარმატებით აკავებენ. 

მთლიანობაში, როგორც მალიარმა აღმნიშნა, ბახმუტის ფრონტზე გათავისუფლებული ტერიტორია 37 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 

გარდა ამისა, ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე ოკუპანტები წინსვლას მარინკაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ავდიივკას ალყაში მოქცევისთვის უშედეგოდ ცდილობდნენ. 

მთლიანობაში, უკრაინის დამცველებმა სამხრეთით 204.7 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ამ ტერიტორიებზე ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკე გაათავისუფლეს.

კომენტარები