თაღლითობა

ქალს, რომელმაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი 87 წლის კაცისგან $2.8 მლნ მოიპარა, პატიმრობა მიუსაჯეს

ფლორიდაში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჰოლოკოსტს გადარჩენილ 87 წლის კაცს თანხა მოტყუებით გამოსძალა, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

36 წლის პიჩის სტერგო, რომელსაც 87 წლის კაცი გაცნობის საიტზე შეხვდა, თაღლითობაში დამნაშავედ აპრილში ცნეს. მან 2017 წლიდან 2021 წლამდე მსხვერპლს 2.8 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა. მოსამართლემ მის თაღლითობას "ენით აუწერლად სასტიკი" უწოდა.

27 ივლისს აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ედგარდო რამოსმა სტერგოს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2.83 მილიონი დოლარის ანაზღაურება დააკისრა.

აშშ-ს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორების თქმით, სტერგო კაცს გაცნობის ვებსაიტზე დაახლოებით ექვსი ან შვიდი წლის წინ შეხვდა. სტერგო კაცს 4 წლის განმავლობაში ატყუებდა და მოითხოვდა, რომ თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. 

პროკურორებმა თქვეს, რომ მან "უხეშად მოატყუა ჰოლოკოსტს გადარჩენილი 87 წლის კაცი, რომელიც უბრალოდ პარტნიორს ეძებდა". 

პროკურორების თქმით, სტერგომ ძვირადღირებული სახლი, დიზაინერების ტანსაცმელი, Rolex-ის საათები და სხვა ფუფუნების საგნები იყიდა, ხოლო ხანდაზმულმა კაცმა ბინა დაკარგა. 

მოხუცმა თაღლითობის დროს სტერგოს 62 ჩეკი მისცა. ერთ მომენტში მან სიტუაცია შვილს აუხსნა, რომელმაც გააფრთხილა, რომ ეს თაღლითობა იყო.

ტექსტურ შეტყობინებებში ქალი მსხვერპლს სიყვარულის გამოხატვისას დასცინოდა, ხოლო ფულის ამოწურვის შესახებ ინფორმაციის გაგებისას ქალმა თქვა: "არ მინდა მუშაობა.. ძალიან რთულია". 

სტერგოს ადვოკატმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ მან "გამოთქვა სინანული თავისი ქმედებების გამო და ყველაფერს იღონებს თანხის ასანაზღაურებლად".

წინა სასამართლო დოკუმენტებში, მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას ბავშვობის ტრავმა აწუხებდა, რამაც იგი მიდრეკილი გახადა იძულებითი ქცევებისკენ, როგორიცაა თაღლითობაში მონაწილეობა. 

კომენტარები