თბილისის მერია

გადამეტებულ ხმაურზე ჯარიმის გასაზრდელად საკანონდებლო ცვლილებები მოვამზადეთ – კალაძე

თბილისში ხმაურის დონის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაიზრდება - დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისის მერიამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. კალაძის თქმით, დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები უშედეგოა, რადგან რესტორნები, კაფეები, ბარები და კლუბები კანონს განმეორებით არღვევენ.  

კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000-ით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000-ით. 

"მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ქალაქში საკმაოდ პრობლემურია - ეს არის ხმაური. განსაკუთრებით, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად იცით, როგორი აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა, კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზო ადგილებსა და ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 23:00-მდე, ხოლო ღამის 23:00-დან დილის 08:00-მდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე.

თუმცა, სამწუხაროდ, კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ შესაბამისი კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები თუნდაც. რაც შეეხება რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, როგორც ტურისტული ქალაქისთვის აქტუალურ ობიექტებს, ამ ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე, დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინათ მონიტორინგი. 

ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები, პრაქტიკულად, უშედეგოა, არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესს. სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომელზეც ზეგავლენას ახდენს გადაჭარბებული ხმაური, მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს სანქციების გამკაცრება, დაწესებული ჯარიმების გაზრდა, თუმცა ძალიან დიდი პრობლემა არის ხმაურის გადამეტება ღამის საათებში. ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვენონ, განტვირთვა განახორციელონ და კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ სივრცეებში არის სერიოზული პრობლემა ხმაურის გადამეტებასთან დაკავშირებით". - ამბობს კახა კალაძე. 

მისივე სიტყვებით, მუნიციპალური ინსპექცია კანონის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებული სანქციები არანაირ ბერკეტს არ წარმოადგენს, რაც დიდი პრობლემაა. კალაძის მტკიცებით, ბიზნესს არ ეწინააღმდეგებიან და ხელს არ უშლიან.  

ამ დროისთვის, გადაჭარბებული ხმაურის გამო ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული კი - 500-ით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

კომენტარები