ისრაელი

სასამართლო რეფორმის კენჭისყრის წინ ნეთანიაჰუს გულზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ქნესეთში სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ნეთანიაჰუს გულის არითმიის დასასტაბილურებლად კარდიოსტიმულატორი დაუყენეს. ოპერაცია 22 ივლისის საღამოს, შებას სამედიცინო ცენტრში წარმატებით ჩაუტარეს. ცნობა პრემიერმინისტრის ოფისმა გაავრცელა.

"თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩემს ექიმებს ვუსმენ. ექიმებმა მითხრეს, რომ საავადმყოფოდან ხვალ, შუადღისთვის გამომწერენ და ქნესეთში კენჭისყრაზე მისვლას შევძლებ". – წერდა ნეთანიაჰუ ოპერაციამდე. 

ნეთანიაჰუმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ სასამართლო ცვლილებასთან დაკავშრებით შეთანხმებას მიაღწევდნენ.

ოპერაციის შემდეგ, 23 ივლისის საღამოს ნეთანიაჰუმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მხარდამჭერებს კეთილი სურვილებისთვის, სამედიცინო პერსონალს კი მკურნალობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს. ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 24 ივლის კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს.

აქამდე, ამავე თვეში ნეთანიაჰუმ ქალაქ კესარიაში გაუწყლოების გამო გონება დაკარგა და სახლში წაიქცა. მას შებას სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზება მოუწია. მას საავადმყოფოში გულის მონიტორი დაუყენეს, რომელმაც გასულ დღეს გართულება დააფიქსირა.

ისრაელში უკვე რამდენიმე თვეა რაც სასამართლო რეფორმის ცვლილებას ათიათასობით ადამიანი მთელ ქვეყანაში აპროტესტებს. 

ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

კომენტარები