რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: პუტინთან მოლაპარაკებებით შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, შესაძლოა, აღდგეს

Pavel Golovkin/Pool / REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთა, ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებებით, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენა მოხერხდეს, დასავლეთის ქვეყნებს კი მოუწოდა განიხილონ რუსეთის მოთხოვნები

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება: გარკვეულ რეგიონებში საკვების გლობალური ფასების მატება, დეფიციტი და, პოტენციურად, მიგრაციის ახალ ტალღები". განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. 

მიმდინარე კვირაში რუსეთმა დატოვა ის შეთანხმება, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღწა. შეთანხმება გასული წლის განმავლობაში შესაძლებლობას იძლეოდა უკრაინული მარცვლეული შავი ზღვის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაეტანათ. რუსეთმა გააუქმა რა უსაფრთხო ნავიგაციის გარანტიები, უკრაინის პორტებიდან არცერთი გემი არ გამოსულა.

"ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებმა გაითვალისწინონ ეს მოთხოვნები". - თქვა ერდოღანმა. 

მოსკოვი აცხადებს, რომ ის დაბრუნდება შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება საკუთარი სურსათისა და სასუქის ექსპორტის გასამარტივებლად მსოფლიო ბაზრებზე. დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთს არ უჭირდა იმ საქონლის გაყიდვა, რომელიც ფინანსური სანქციებისგან თავისუფალია. 


ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს ცნობას, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საცავებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

რუსეთმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ კიევს პასუხს გასცემდნენ. მომდევნო დღეს რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა.

კომენტარები