რუსეთი

რუსეთში სკოლის მოსწავლეებს დრონების საბრძოლო გამოყენებას შეასწავლიან

1 სექტემბრიდან საბაზისო სამხედრო მომზადების ფარგლებში რუსეთში სკოლის მოსწავლეებს დრონების საბრძოლო გამოყენებას შეასწავლიან.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატასთან, ფედერალურ საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, სენატორ არტიომ შეიკინის თქმით, ინიციატივას მხარი დაუჭირეს თავდაცვის და განათლების სამინისტროებმა.

"წინადადება განიხილა და მხარი დაუჭირა, მათ შორის რუსეთის განათლების სამინისტრომ. გეგმის მიხედვით, 1 სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები საბაზისო სამხედრო მომზადების გაკვეთილებზე დრონების საბრძოლო გამოყენებას შეისწავლიან".- თქვა შეიკინმა.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, რუსლან ცალიკოვის თქმით, პროგრამა დრონების "ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებისა და ზოგადი სტრუქტურის, ტერიტორიის დაზვერვისა და მტრის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მოქმედების მეთოდების" სწავლებას ითვალისწინებს.

სკოლებში დრონების მართვის სწავლების შემოღების აუცილებლობის შესაღებ პუტინმა ჯერ კიდევ აპრილში ისაუბრა. ივნისის დასაწყისში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სკოლებმა გაკვეთილებისთვის უკვე დაიწყეს დრონებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა.

კომენტარები