პოლიციელების ძალადობა

21 წლის ბიჭი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს – მას საგამოძიებო სამსახურში გამოკითხავენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მას დღეს, 21 ივლისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხავენ. ჟღენტს სხეულზე - ყელსა და ხელებზე დაზიანებები აქვს. 

შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მოხდა - ჟღენტი პოლიციელებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს, შემდეგ კი, მისი თქმით, სცემეს. 

"ვისაუბრებ ყველაფერს სიმართლეს - რაც გამიკეთეს მანქანაში, რის გამოც ტყუილად წამიყვანეს განყოფილებაში.  შემოწმებაზე ვინც მოვიდა ჩვენთან, იმ 2-მა ადამიანმა თავიდანვე შეურაცხყოფა მომაყენა, ერთ-ერთმა მანქანაში მცემა. ერთი საჭესთან იჯდა, მეორე კი მირტყამდა მანქანაში. 

[საჭესთან ვინც იჯდა] იქიდან მაგინებდა, მეუბნებოდა, მიხსნიდა, ციხეში ასეთ და ისეთ რაღაცებს გაგიკეთებენო, [მეუბნებოდა], რომ ჩემნაირი ბევრი ჰყავს ჩასმული ციხეში". - ამბობს ლაშა ჟღენტი.  

ჟღენტის დედა ამბობს, რომ გუშინ, 20 ივლისს დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოდიშის მოხდის შემდეგ მის შვილს აპატიებენ, "ოღონდ გაჩერდნენ". 

"გუშინ რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ, ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ. ჩვენ არ გავჩერდებით, ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით". - ამბობს ლაშა ჟღენტის დედა.  

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ჟღენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები