თურქეთი

ერდოღანმა სპარსეთის ყურის ტურნე აბუ-დაბიში ვიზიტით დაასრულა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი დახვედრის ცერემონიაზე დოჰაში. 2023 წლის 18 ივლისი
Turkish Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სპარსეთის ყურის მდიდარი არაბული ქვეყნებისგან ინვესტიციებისა და სახსრების მოსაზიდად ჩატარებული ტურნე აბუ-დაბიში ვიზიტით დაასრულა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ჩასვლამდე ერდოღანი საუდის არაბეთსა და კატარსაც სტუმრობდა. თურქეთის პრეზიდენტის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ყოფნისას ორ ქვეყანას შორის დრონებით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საუდის არაბეთის სამინისტროსა და თურქულ თავდაცვით კომპანია Baykar-ს შორის გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი.

2017 წელს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ კატარზე დაწესებული ბლოკადის დროს თურქეთის მიერ დოჰაში ჯარის გაგზავნისა და ათწლეულის განმავლობაში ანკარას მიერ პოლიტიკური ისლამისა და დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერის შედეგად ერ-რიადსა და აბუ-დაბისთან გაუარესებული ურთიერთობების აღდგენას თურქეთის პრეზიდენტი უკვე ორი წელია ცდილობს.

თურქეთის მაღალჩინოსნების თქმით, არის მოლოდინი, რომ ერდოღანის ტურნეს შედეგად სპარსეთის ყურის ქვეყნები 10 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებენ.

კომენტარები