უკანონო საექიმო საქმიანობა

პაციენტი სამშობიაროდ ლიცენზია-შეჩერებულ ექიმს გადააბარეს – 2 ექიმი დამნაშავედ ცნეს

Claudio Furlan / LaPresse / AP

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება "ნინო"-ს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა "მეანობა-გინეკოლოგიაში" სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო  საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები