საქართველოს პროკურატურა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 3 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, მის მამას, მეუღლესა და დედას ფიზიკურად გაუსწორდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ჯგუფური ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე წარუდგინეს.
განცხადების მიხედვით, 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, პოლიციელ ლ.ტ.-ს მეუღლის მანქანას საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა. ფაქტს პოლიციელიც შეესწრო, რომელიც მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად მანქანით მიდიოდა.
უწყების ცნობით, ავტოსაზაო შემთხვევას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილზე დაკავებულის 4 მეგობარი მივიდა. გამოძიების ინფორმაციით, ამ ადამიანებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამასაც სცემეს, ასევე, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.
“ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.
გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. - წერია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე, საქმეზე ნივთმტკიცების სახით სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოიღეს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.





