მეგის ქარდავა

მეგის ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

იუსტიციის სამინისტრო

პროკურატურის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებული მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი გაგამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

"სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ქარდავას პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია 17 სექტემბერს მოხდა. ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კომენტარები