რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი უარყოფს, რომ მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე დათანხმდა

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოსკოვს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. 

"რუსეთის მხარეს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გაუვრცელებია". - ამბობს პესკოვი. 

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

ერთი დღით ადრე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე დაფიქრდება. მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეაჩეროს მონაწილეობა ინიციატივაში მანამ, სანამ არ შესრულდება ყველა ის პირობა, რომლებზეც მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დათანხმდა. მან ასევე გამოთქვა საყვედური, რომ დასავლეთმა შეთანხმების მიღებისას რუსეთის ინტერესები არ გაითვალისწინა. 

გლობალური სასურსათო კრიზისის შესამცირებლად 2022 წლის ივლისში გაერო და თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდნენ. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის მოწინავე ექსპორტიორებს შორის არიან.

კომენტარები