გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

თეირანში, შვედეთის საელჩოს წინ მოქალაქეები ყურანის დაწვას აპროტესტებენ
REUTERS

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება შვედეთში გამართულ აქციაზე ყურანის დაწვის ფაქტს მოჰყვა. 

ინიციატივა პაკისტანს ეკუთვნის. რეზოლუცია ისლამური თანამშრომლობის ქვეყნების (OIC) სახელით წარადგინეს, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს. ახალი რეზოლუცია გაეროს უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელს მოუწოდებს რელიგიურ შეუწყნარებლობაზე ერთიანი ანგარიში გამოაქვეყნოს. ამასთან, ქვეყნებმა უნდა გადახედონ საკუთარ კანონმდებლობას და გამოასწორონ ხარვეზები რელიგიური სიძულვილის პრევენციის კუთხით.

რელიგიურ შეუწყნარებლობაზე რეზოლუციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს აშშ-მ და ევროკავშირმა. მოწინააღმდეგე ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია ეწინააღმდეგება დასავლურ შეხედულებებს ადამიანის უფლებებთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 28 ქვეყანამ, ხოლო წინააღმდეგი იყო - 12. 

28 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ყურანი დახია და დაწვა. აღნიშნული დაგმეს მუსლიმურმა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, რომელიც შვედეთისთვის NATO-ში შესვლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო. ყურანის დაწვა გააპროტესტეს ბაღდადში, სადაც დემონსტრანტები შვედეთის საელჩოშიც შეიჭრნენ.

2 ივლისს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც 57 ისლამური ქვეყანა შედის, თქვა, რომ ყურანის განადგურების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი ზომების მიღებაა საჭირო და საერთაშორისო სამართლის ნორმებით უნდა მოხერხდეს რელიგიის ნიადაგზე არსებული სიძულვილის დასრულება.

კომენტარები