რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მინდოდა ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში. 2023 წლის 1 ივლისი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ კონტრშეტევის დაწყება უფრო ადრე სურდა და ამისთვის დასავლელ პარტნიორებს იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებდა.

"მინდოდა ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველას ესმოდა, რომ თუ კონტრშეტევა გვიან განვითარდება, ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი იქნება დანაღმული. მტერს დროს და შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ნაღმები განათავსოს და თავდაცვითი ხაზები მოამზადოს". - თქვა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ბრძოლის ველზე არსებულმა სირთულეებმა უკრაინულ ძალებს აიძულა შეენელებინა კონტრშეტევა, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ისახავს მიზნად.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს ამერიკული წარმოების F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისა და უფრო დიდი რადიუსის მქონე რაკეტების მიწოდებისკენ.

"ეს ცაში რუსებზე უკრაინელების უპირატესობაზეც კი არ არის, ეს მხოლოდ თანასწორად ყოფნაზეა. F-16-ები მხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფებს არ ეხმარება წინსვლაში. უბრალოდ ძალიან რთულია ციდან მხარდაჭერის გარეშე". - აღნიშნა ზელენსკიმ.

გასულ კვირაში ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრშეტევა "სასურველზე ნელა" მიმდინარეობს, მაგრამ დასძინა, რომ წინსვლა "ყველა მიმართულებით" აქვთ.

კომენტარები