ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 46 დეპუტატი პარლამენტის თავჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, დაუყონებლივ დაუშვან საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე ევროპარლამენტარები და უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან, ვივამედის კლინიკაში.
ენმ-ს დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, რამდენიმე თვეა, რაც არცერთ დეპუტატს არ ეძლევა საშუალება, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.
"გუშინ გავრცელებულმა კადრებმა, პრინციპში, ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ – იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ". – ამბობს ბოკუჩავა.
ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვივამედის კლინიკასთან დღეს, 19:00-ზე აქცია დააანონსა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შეშვებასთან ერთად მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა.





