ვირუსები საქართველოში

გამოკითხული რუსი მიგრანტების 93% ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს – CRRC

Reuters

CRRC - საქართველომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების ცხოვრებასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 93% ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს. კითხვაზე, რამდენი ხნით გეგმავენ რესპონდენტები საქართველოში დარჩენას, უმრავლესობის (49%) პასუხი 1 წელი ან მეტია.

კითხვაზე ზოგადად რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ, გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ უარყოფითი. თავისი ქვეყნის მიმართ დადებითად მხოლოდ 22%-ა განწყობილი. გარდა ამისა, 94% რუსეთს სრულიად არადემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ამასთან, რესპონდენტები მეტად ენდობიან იმ რუსებს, ვინც რუსეთი დატოვა, ვიდრე მათ, ვინც ქვეყანაში დარჩა.

კვლევის მიხედვით, კონკრეტულად საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად იმიგრანტი რუსები ძირითადად  ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს, ცხოვრების ხელმისაწვდომობასა და ჩამოსვლის პროცესის სიმარტივეს ასახელებენ. გამოკითხულთა 61% საქართველოში ცხოვრებით კმაყოფილია, 17% კი ძალიან კმაყოფილი. გარდა ამისა, 56% თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 33 % კი ძალიან უსაფრთხოდ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-მა საცხოვრებლად დედაქალაქი, თბილისი აირჩია. მათი უმრავლესობა, 35% კი საბურთალოზე ცხოვრობს.

ასევე, რესპონდენტების 55% საქართველოს მთავრობას ნაკლებად ან საერთოდ არ ენდობა. იმიგრანტებმა მთავრობის წარმომადგენლების საქმიანობაც შეაფასეს. გამოკითხულთაგან 56% პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას საკმაოდ უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 57% მის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. გარდა ამისა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქართულ დემოკრატიას დიდი პრობლემები აქვს.  

კვლევა არაალბათური, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა და მოსახლეობას შედეგების განზოგადებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

კვლევის ფარგლებში სულ 1008 ადამიანი გამოიკითხა. საველე სამუშაოები და მონაცემების შეგროვება 2023 წლის მაისისა და აპრილის თვეებში მიმდინარეობდა.

კომენტარები