საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი TI-ს ანგარიშზე: ნახონ შვედეთის პარლამენტში თუ გამოდის ყველა დეპუტატი სიტყვით

უკრაინის რადა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებას ეხმაურება. მისი თქმით, ორგანიზაცია იმის კლასიკური მაგალითია თუ "როგორ ხდება მანიპულაციით, დეზინფორმაციით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია უცხოური ფულით".

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორიო გამჭვირვალობა- საქართველომ უნდა  შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და ნახოს, გამოდის თუ არა ყველა დეპუტატი სიტყვით პლენარულ სხდომაზე. მისივე შეფასებით, ორგანიზაციის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა კლასიკური მაგალითია, როგორ ხდება მანიპულაციით, დეზინფორმაციით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია უცხოური ფულით. ეს არის კლასიკური მაგალითი. მაგალითად, როცა საუბრობენ მდუმარე დეპუტატებზე, ქმნიან იმის აღქმას, რომ თითქოს პლენარულ სხდომებზე ყველა დეპუტატი აუცილებლად ყველაფერზე უნდა საუბრობდნენ. შეისწავლონ სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ნახონ შვედეთის პარლამენტში ყველა დეპუტატი გამოდის თუ არა სიტყვით პლენარული სხდომის დროს. კომიტეტებზე რა ხდება ამას აკვირდებიან თუ არა. ეს არაპროფესიონალიზმი არ არის, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ უბრალოდ რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ აქ არის პასუხისმგებლობა დონორების, როდესაც მათი დაფინანსებით ხდება სხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია. მოვუწოდებ ყველა დონორს, ჩახედონ ასეთ ანგარიშებს".- აცხადებს პაპუაშვილი. 


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მე-10 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით 18 დეპუტატს არ უსარგებლია - მათგან 10 ქართული ოცნების წარმომადგენელია.  

ოცნებიდან სიტყვით გამოსვლით არ უსარგებლიათ: ელგუჯა გოცირიძეს, ისკო დასენს, სუმბატ კიურეღიანს, ლევან კობიაშვილს, სამველ მანუკიანს, გოგი მეშველიანს, დიმიტრი სამხარაძეს, გოდერძი ჩანქსელიანს, ვასილ ჩიგოგიძეს და ვიქტორ ჯაფარიძეს.ოპოზიციიდან - გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, კობა ნაყოფიას, რამაზ ნიკოლაიშვილს, ბაჩუკი ქარდავას, ცეზარ ჩოჩელს, დილარ ხაბულიანს. 

TI-ის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93). 

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა). 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა. 

კომენტარები