ბექა გრიგორიადისი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული LIVE-პოსტის გამო გრიგორიადისი 800 ლარით დააჯარიმეს – ადვოკატი

ბექა გრიგორიადისი
ტაბულა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული LIVE-ვიდეოს გამო ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 800 ლარის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა. 

"ბექა გრიგორიადისის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის მიმართულებით და თქვა, რომ ეს ფაქტი არ დასტურდებოდა. თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, რაც, ვფიქრობ, რომ შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს ტენდენციად მკვიდრდება Facebook და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების გამო პირების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა. ეს, ვფიქრობ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფრთხეს იწვევს.  

ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა LIVE-პოსტი, სადაც მას ჰქონდა შეფასება საკუთარი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თუმცა, აღვნიშნავ, რომ იგი როდესაც საუბრობს პოლიციასთან, სახელს და გვარს არ ასახელებს, იდენტიფიცირებას არ ახდენს, თუმცა, სასამართლოზე პოლიციელმა თქვა, რომ ეს შეურაცხყოფა მიიღო საკუთარ თავზე. ასევე, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი შემოწმება მიმდინარეობდა ბექა გრიგორიადისის Facebook-გვერდის". - ამბობს ადვოკატი. 

ბექა გრიგორიადისის სიტყვებით, ვიდეოში პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 

"ეს არის გაცნობითი პროცესი, ვინ არის მთავრობა და რას აკეთებენ. წინა 2 000-ლარიანი ჯარიმა სულ ტყუილად დამიწერეს, ახლად 800-ლარიანი სულ ტყუილად. ვხედავთ, რომ აქ არის არა სასამართლო, არამედ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ურეკავენ და ეუბნებიან, როგორ მოიქცნენ. მე ამ ხალხს მოსამართლეებს ვეღარ ვუწოდებ,  ბატონო მოსამართლეს ვერ ვეტყვი, არიან ტიპები, რომლებიც ქართულ-ჯიგრულ პონტში მუშაობენ. ეს არის რეჟიმის გადმონაშთი რუსეთიდან, იქცევიან, როგორც რუსები". - ამბობს ბექა გრიგორიადისი.  

2 ივნისს ბექა გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა - წინა დღეს ის პარლამენტთან პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გრიგორიადისი კარვის გაშლას ცდილობდა. 

კომენტარები